დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

სიტყვა, რომელიც იცავს — განათლებით ძალადობის წინააღმდეგ

Posted by rusagonashvili@gmail.com

25 ნოემბერი — ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე — მხოლოდ კალენდარში დატანილი თარიღი არ არის. ეს არის კიდევ ერთხელ გაჟღერება  იმ იდეის, რომ ძალადობა არც ერთ ფორმაში არ შეიძლება იყოს ნორმა და რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს პასუხისმგებლობა,  აიმაღლოს ხმა  მის წინააღმდეგ.

ამ დღეს ჩემმა მოსწავლეებმა გამართეს კონფერენცია, რომელიც ერთდროულად იყო ინფორმაციული, ემოციური და ღირებულებითი. მათ წარადგინეს შთამბეჭდავი პრეზენტაციები, ისაუბრეს ძალადობის სახეებზე, მიზეზებსა და შედეგებზე, ჩამოაყალიბეს გზები, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი და სხვები და, რაც მთავარია — ხმამაღლა თქვეს, რომ ძალადობა მიუღებელია.

🌱 რატომ არის ასეთი აქტივობები აუცილებელი მოსწავლეებისთვის?
იმიტომ, რომ მოზარდობა ის ასაკია, როცა ადამიანი იწყებს გარემოს გააზრებას — არა მხოლოდ ინტელექტით, არამედ მორალური საზრისითაც.
ისინი სწავლობენ:
🔸 რა არის ადამიანის ღირსება და როგორ დაიცვან იგი,
🔸 როგორ ამოიცნონ ძალადობის ნიშნები და დაიცვან თავიანთი უფლებები,
🔸 როგორ არ გაჩუმდნენ უსამართლობის წინაშე.

🧭 ჩემთვის, როგორც ქართულის მასწავლებლისთვის, ეს აქტივობები მეტია, ვიდრე საგნობრივი კომპეტენციების განვითარება.
ესაა სივრცე, სადაც ლიტერატურაში მიღებული ემპათია რეალურ ცხოვრებაში ინერგება,
სადაც სიტყვა ხდება დაცვის იარაღი და მსჯელობა — პასუხისმგებლობის გამოხატულება.

📌 ასეთი შეხვედრებით მე ვასწავლი მოსწავლეებს არა მარტო წაკითხულის გააზრებას, არამედ სამყაროს სიღრმისეულ წგაგებას.
📌 ვხედავ, როგორ იზრდებიან ისინი ღირებულებების მქონე ადამიანებად,
📌 და ვრწმუნდები, რომ სწორი გზით მივდივარ. 

ეს დღე იყო მორიგი მტკიცება იმისა, რომ განათლება მხოლოდ ცოდნა კი არა, ღირებულებების გადაცემაა.
და როცა მოსწავლე ხმამაღლა ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია — ეს ნიშნავს, რომ სწავლის მიზანი მიღწეულია.












სიკეთე, რომელიც გადამდებია — როცა მასწავლებელი მასწავლებელს აძლიერებს

Posted by rusagonashvili@gmail.com

სასწავლო პროცესის ნამდვილ ღირებულებას მაშინ ვაცნობიერებთ, როცა აღმოჩნდება, რომ ცოდნა, რომელიც სხვებს გავუზიარეთ, მათთვის მხოლოდ ინფორმაციის ნაკრები კი არა, ახალი შესაძლებლობების კარიბჭე ყოფილა. სწორედ ასეთ დროს ხვდები, რომ მასწავლებლობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ მისიაა — ადამიანური კავშირის, მხარდაჭერის, თანაზიარებისა და შთაგონების მისიაც.

ამ დღეებში მიღებული გულწრფელი შეფასებები კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სწორი გზით მივდივარ:

🧩 როცა ამბობენ, რომ „ქსელური პროექტის“ წყალობით პირველად ებადებათ განცდა ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის,
🧩 როცა იხსენებენ ჩემს ტრენინგს, როგორც დაუვიწყარსა და შემეცნებითს,
🧩 როცა აღნიშნავენ, რომ მასწავლებლის საჭიროებებზე მორგებული, ორიგინალური და შედეგზე ორიენტირებული რესურსები გახდა მათთვის გზამკვლევი,
🧩 და როცა წლების ბოლოს სიამაყით ამბობენ — „მისი წყალობით გავხდი Microsoft ინოვატორი მასწავლებელი“,
ხვდები, რომ ცოდნის გაზიარება მართლაც გადამდებია — და რომ ეს გადამდები ენერგია წლების განმავლობაში ერთ დიდ, საერთო საქმეს ქმნის.

📌 მე მხოლოდ
✔ ვხედავ თითოეული მასწავლებლის პოტენციალს,
✔ ვუზიარებ გამოცდილებას არა ფორმალურად, არამედ გულით,
✔ სწორ დროს სწორ ბიძგს ვაძლევ სხვებს, რომ აღმოჩინონ თავიანთი შესაძლებლობა.

მე ვამაყობ ამ გზით, ამ ხალხითა და ამ შეფასებებით — რადგან ეს ნიშნავს, რომ არ დავიღალე ურთიერთობის შენებითა და გზის გაკვალვით.

გმადლობთ ამ სიტყვებისთვის. თქვენ ხართ ჩემი მოტივაციის ძალა.
მიყვარხართ! ❤️

როგორ გავაცოცხლეთ ილიას მემკვიდრეობა საკლასო ოთახში

Posted by rusagonashvili@gmail.com

8 ნოემბერი, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, წლევანდელ სასკოლო კალენდარში მხოლოდ თარიღი არ ყოფილა — ის ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ნამდვილი ინსპირაციის წყაროდ იქცა. ამ დღემ შესაძლებლობა მოგვცა, ილია არა როგორც შორსმდგარი ისტორიული ფიგურა, არამედ როგორც აქტუალური, თანამედროვე კონტექსტში სანიმუშო მოაზროვნე გაგვეაზრებინა.

ჩემმა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საოცარი შემოქმედებითი ენერგია ჩადეს სხვადასხვა სახის აქტივობაში:
🔹 შექმნეს „სიტყვის სკივრი“ — ფრაზებისა და სიტყვების საცავი ილიას ნაწარმოებებიდან,
🔹 მოაწყვეს სარედაქციო შეხვედრის იმიტაცია, სადაც თანამედროვე მოვლენებს ილიას თვალით შეხედეს,
🔹 წაიკითხეს და თავადაც დაწერეს ლექსები, რომლებიც ილიას თემატიკასა და სულისკვეთებას ეხმიანებოდა,
🔹 იმსჯელეს ილიას პუბლიცისტურ მემკვიდრეობაზე და მისი ღირებულებები დღევანდელობას მოარგეს.

ეს არ იყო მხოლოდ „გაკვეთილის“ ფორმალური გაგრძელება — ეს იყო ცოცხალი და ღრმა ფიქრის პროცესში შესვლა, სადაც სიტყვა გახდა კვლევის საგანი, კრიტიკის ობიექტი და შთაგონების წყარო.

📌 რა სწავლობენ მოსწავლეები ასეთ აქტივობებში?


ღირებულებითი აზროვნება — ილია ჭავჭავაძის ტექსტების გააზრება აძლევს მათ შესაძლებლობას, გაეცნონ და განსაზღვრონ საკუთარი პოზიციები ეროვნულ, სოციალურსა და მორალურ საკითხებზე;

კრიტიკული და ანალიტიკური უნარები — ილიას ტექსტების კონტექსტუალიზება დღევანდელ რეალობაში მოითხოვს აზრის გაფილტვრასა და არგუმენტების გამყარებას;

შემოქმედებითი თვითგამოხატვა — ლექსის წერა, სიტყვათა სკივრის შედგენა და რედაქციის იმიტაცია ავითარებს მათ სინაგან პოტენციალს, აზრის ფორმულირებისა და გამოხატვის უნარს.

ასეთი აქტივობები მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა მასწავლებელს შეუძლია:
✔ ისტორიული და ლიტერატურული ცოდნის გაკვეთილს მიღმა გადატანა,
✔ მოსწავლეების მოტივაციის დანახვა და მათი ინტერესის გატვალისწინება,
✔ ფოკუსირება არა მხოლოდ სწავლის პროცესზე, არამედ პიროვნულ ზრდაზე, ღირებულებების ჩამოყალიბებაზე და თავისუფალი აზროვნების წახალისებაზე.

მასწავლებლის როლი აქ არ არის მხოლოდ მასალის გადმოცემა — ეს არის მენტორის, თანამგზავრის, მსჯელობის წამომწყების ფუნქცია, რომ შემდეგ მოსწავლეებმა თავად დაიწყონ კითხვა, პასუხების ძებნა და გამოხატვა.

ილია დღესაც გვესაუბრება. საჭიროა, უბრალოდ მოვუსმინოთ და მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს ხმამაღლა აზრის დაფიქსირების უფლება. იმიტომ, რომ მათი ფიქრი — ჩვენი მომავლის სიტყვაა.










„ჩვენ ერთად ვსწავლობთ ცხოვრებას“ — წერილი, რომელიც ყველაფერს ამბობს

Posted by rusagonashvili@gmail.com

ბევრია დაწერილი მასწავლებელზე — მის როლზე, პასუხისმგებლობაზე, მისი შრომის სირთულესა და მნიშვნელობაზე. მაგრამ არის მომენტები, როდესაც ყველა პროფესიული შეფასება ფერმკრთალდება და მხოლოდ ერთი ხმა რჩება, მოსწავლის ხმა, გულიდან ამოსული, ნათელი და დაუვიწყარი. ასეთია ეს წერილიც — მოსწავლის გულწრფელი განცდა, რომელმაც დამანახა, რომ მასწავლებლობა არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ რაღაც უფრო ღრმაა,

და თუ დავიმსახურე, რომ მოსწავლემ ასეთი სიტყვები თქვას ჩემზე — ესე იგი, შევძელი ყველაზე მთავარი: სწორ გზაზე დავაყენე მოსწავლე!

 
"მასწავლებლობაზე საპასუხისმგებლო საქმე არ არსებობს, რადგან მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თავდაჯერებული, მომზადებული შეხვდები რეალურ ცხოვრებას და მონახავ შენს ადგილს. ვფიქრობ, არცერთი საგნის მასწავლებლის საქმიანობის დაკნინებად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მაინც ქართულის მასწავლებელს აკისრია, რადგან ფაქტობრივი ცოდნის მოცემასთან ერთად ზრუნავს ჩვენი ემოციური ინტელექტის განვითარებაზე. მე და ჩემი რუსა მასწავლებელი ერთად ვიზრდებით, ერთად ვსწავლობთ, ერთად გვტკვა, გვიხარია, ვოცნებობთ, ვფანტაზიორობთ, ვადგენთ მომავლის გეგმებს და ყველაფერზე ერთად ვსაუბრობთ. ის არასდროს მავალებს გამოჩენილ კრიტიკოსთა აზრების გამოყენებას, მაგრამ მთხოვს ფიქრს, კვლევას, პერსონაჟთა ქცევის მიზეზების პოვნასა და ისე შეფასებას, როგორც ვიაზრებ და მესმის. ამგვარად ცდილობს ჩემში ემოციების გაღვიძებასა და მორალური ღირებულებების ჩამოყალიბებას, ამგვარად მაყვარებს კითხვას, მწერლებს, ლიტერატურას, ფიქრს, აზროვნებას, სულგრძელობასა და სამშობლოს სიყვარულს. მისგან მოცემული ბიძგით ჩემი შინაგანი სამყარო ნელ-ნელა ფართოვდება განსაკუთრებით ისეთ კლასგარეშე თემებზე საუბრით, რაც პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც წიგნში არ, თუ ვერ შევიდა და რაც მე და ჩემს თანატოლებს უფრო გვაინტერესებს.
ჩემთვის რუსა მასწავლებელი თავისუფლების განსახიერებაა, არც თავად ერიდება საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას და არც ჩვენ გვაკრიტიკებს არასწორი აზრისა თუ განსხვავებული მოსაზრების გამო.
ამ ყველაფერთან ერთად, ულამაზესია ჩვენი რუსა მასწავლებელი. სიარულის მანერა აქვს ისეთი, თითქოს კი არ დადის, წყალზე დასრიალებს. ყველაზე ლამაზი საცქერი მაშინაა, როცა ჩაფიქრებულია. ამ დროს გგონია, რომ მთელ ბერძენ ფილოსოფოსებს მასში მოუყრიათ თავი..
უჭკვიანეს, ულამაზესა და მეამბოხე რუსა მასწავლებელს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან , ძალიან მიყვარს
გპირდებით, ყოველთვის მემახსოვრება თქვენეული ცხოვრების კრედო:
„მხოლოდ ის არის სწავლის მიზანი,
რომ დაიზარდოთ სწორედ ისეთნი,
როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!"


როცა მოსწავლეს ასე უწერიხარ კონტაქტებში გამოდის, ტყუილად არ გიცხოვრია და შეცდომით არ აგირჩევია პროფესია ბედნიერი მე!




ფინანსური განათლება ლიტერატურის ენით — გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებას ასწავლის

Posted by rusagonashvili@gmail.com

2024 წლის 9 მაისს სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ერთი განსხვავებული, ინტერაქციული და ღირებულებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისა და ჩემი ჩართულობით. გაკვეთილი ჩატარდა FinEdu – ფინედუ-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის "ასწავლე ფინანსები ლიტერატურით" ფარგლებში და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ფინანსური აზროვნების ხელშეწყობას ხელმისაწვდომი, საინტერესო და სახალისო ფორმით.

📌 სანამ ლიტერატურულ ტექსტთან მივიდოდით, მოსწავლეებისათვის ჩავატარე პროფესიული ტრენინგი.
ჩემი ინიციატივით, სკოლაში მივიწვიე ფინედუს სერტიფიცირებული ტრენერი მაია ლაპიაშვილი და პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მარიამ ტოკლიკიშვილი და ანანო გიგაური. მათ მოსწავლეებს გაუზიარეს ცოდნა ბიუჯეტის შედგენის, დაზოგვის სტრატეგიების, ფინანსური რისკების თავიდან არიდებისა და საბანკო სერვისების შესახებ. ტრენინგმა მოსწავლეებს დაანახა, თუ როგორ ეხმარება ფინანსური განათლება ადამიანს გონივრული, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

📖 შემდეგ ეტაპზე გადავინაცვლეთ ლიტერატურაში.
ჩემ მიერ შერჩეულმა იგავ-არაკმა „უბედური დიდვაჭარი“ შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს, ლიტერატურულ ტექსტში ამოეცნოთ ფინანსური საკითხები: ფულის მართვა, სურვილებისა და საჭიროებების გარჩევა, დაზოგვა, თაღლითობა და მომხმარებლის უფლებები. ეს არ ყოფილა სტანდარტული გაკვეთილი — ეს იყო ვიქტორინა, რომელიც თამაშის ელემენტებით მოიცავდა ტექსტის გააზრებას, კრიტიკულ ანალიზსა და ფინანსური ცნებების გამოყენებას რეალურ სიტუაციებში.

🏆 ვიქტორინაში მონაწილეობდა სამი გუნდი და თითოეული სწორი პასუხი ფასდებოდა ვირტუალური ლარებით.
შეფასების სისტემა არა მხოლოდ სასიამოვნო მოტივაციას ქმნიდა, არამედ რეალურ ცხოვრებასთან აკავშირებდა მიღებულ ცოდნას. მოსწავლეებმა „დროში იმოგზაურეს“, წარსული თანამედროვე რეალობას დაუკავშირეს და ანალიზის საფუძველზე მნიშვნელოვანი დასკვნებიც გამოიტანეს: ცოდნა ფულია, ხოლო მისი მართვა — ხელოვნებაა, რომელსაც სწავლა და პრაქტიკა სჭირდება.

🌱 ასეთ პროექტს მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს:

  • მოსწავლეებში აყალიბებს ფინანსურ ცნობიერებასა და პასუხისმგებლობას
  • აერთიანებს საგნობრივ ინტეგრაციას — ლიტერატურა და ფინანსები ერთ გაკვეთილში
  • ასწავლის კრიტიკულ, ანალიტიკურ და შემოქმედებით აზროვნებას
ხელს უწყობს გუნდის მუშაობის, პრეზენტაციისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებას

👩‍🏫 როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილი არ შეჩერდეს მხოლოდ ტექსტის დონეზე. მას უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში გადატანის ძალა. სწორედ ამიტომ ვცდილობ, დავინახო, როგორ შეიძლება ლიტერატურა გახდეს მრავალმხრივი უნარების განვითარების საფუძველი: ტექსტზე დაფუძნებული აქტივობები გვაძლევს შანსს, ვისაუბროთ პირად ფინანსებზე, ფასეულობებზე, პასუხისმგებლობაზე — და ეს ყველაფერი გავაკეთოთ მოსწავლისთვის ახლობელი, მათ საჭიროებებზე მორგებული ფორმატით.

💬 ბოლოს მოსწავლეებმა თავად გააკეთეს დასკვნა:
„ფული რომ სწორად და პატიოსნად გამოიმუშაო, უნდა იცოდე, როგორ დაგეგმო, დაზოგო და უსაფრთხოდ შეინახო. ამას კი ბევრი უნარი და ცოდნა სჭირდება.“

💙 მადლობა FinEdu-ს ამ შესაძლებლობისთვის.
💙 მადლობა ტრენერ მაია ლაპიაშვილს მხარდაჭერისა და პრაქტიკული გამოცდილებისთვის.
💙 მადლობა ჩემს მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და პასუხისმგებლობით შესრულებული ყველა ნაბიჯისთვის.













გლობალური მოქმედების დღეები — კლიმატზე ზრუნვა ქართულის გაკვეთილებს მიღმაც

Posted by rusagonashvili@gmail.com

2024 წლის გლობალური მოქმედების დღეების კამპანია იყო დაუვიწყარი, შემეცნებითიც და სახალისოც — დღეები, რომლებიც გასცდა ჩვეულებრივ გაკვეთილის ფორმატს და ჩვენი ცხოვრება ბუნებას უფრო დაახლოვა.

ამ საერთაშორისო ინიციატივაში მონაწილეობა ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩემი მხარდაჭერით მიირეს — მე დაგვარეგისტრირე პლატფორმაზე და მივეცი საშუალება, გამხდარიყვნენ გლობალური მოძრაობის მონაწილეები, რომელიც მომავლის ეკოლოგიურ სამყაროს აშენებს.

🌍 რატომ არის ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანი?
კლიმატის ცვლილება აბსტრაქტული თემა აღარ არის. ის რეალური მოვლენებით იგრძნობა ჩვენს სოფლებში, ქალაქებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოსწავლეებისთვის კი ამ პრობლემის გააზრება სწორედ პრაქტიკული დავალებებით იწყება. მოსწავლეებმა შეასრულეს ხუთი განსხვავებული აქტივობა — თითოეულში ჩართეს ფიზიკური, ინტელექტუალური და ემოციური რესურსები, ივარჯიშეს კრიტიკულ აზროვნებაში, პრობლემის დანახვაში, კვლევით მუშაობასა და ციფრული საშუალებების გამოყენებაში.

🟢 განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ფრინველებზე დაკვირვება არწივის ხეობაში.
Merlin Bird App-ის დახმარებით მოსწავლეებმა მოუსმინეს ფრინველების გალობას, ცადეს მათი იდენტიფიცირება და სახელების დამახსოვრება — ეს ყველაფერი იყო მეცნიერების, ტექნოლოგიის, ბუნების სიყვარულისა და მოთმინების სინთეზი. აღმოაჩინეს შავი შაშვი, თოხიტარია, მწვანულა, ბულბული და მრავალი სხვა. ბავშვებმა ზუსტად იგრძნეს, რომ გარემო მათი თანამგზავრია და მისი დაცვა მათზეა დამოკიდებული.

🍀 ამ პროცესებმა:


გააღვივა პასუხისმგებლობა გარემოსადმი


გააძლიერა ეკო-ცოდნიერი ქცევები და ჩვევები


განავითარა ციფრული და კვლევითი უნარები


ასწავლა გუნდური მუშაობა და ანალიზის კულტურა

📚 თუმცა ყველაზე მთავარს გავუსვამ ხაზს:
მასწავლებელი ნებისმიერ თემას გახდის ღირებულს, თუკი იგი მოსწავლესთან ახლოს მივა. მე ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაგრამ მჯერა, რომ თანამედროვე განათლება საგნებს არ აყოფს — ის ცხოვრებისეული უნარების შეძენას ემსახურება და თუ ერთ პროექტში ბავშვი სწავლობს ტექსტის წერას, ბუნებაზე დაკვირვებას, ეკოლოგიურ ცნობიერებასა და ტექნოლოგიის გამოყენებას — მასწავლებელი იქ რეალური ცვლილების თანამონაწილეა.

🌱 გლობალური მოქმედების დღეები ჩვენს სკოლაში დასრულდა, მაგრამ მიღებული ცოდნა, განცდები და პასუხისმგებლობა — ჩვენთან რჩება.
მომავალ წელს იმედია უფრო მეტ სკოლას და მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ეს გამოცდილება გაიზიაროს.

წერილი მომავალ თაობებს — სიტყვით აღზრდილი პასუხისმგებლობა

Posted by rusagonashvili@gmail.com

სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ლიკა ჯინაშვილმა და ლალა ჩოფიკაშვილმა, წელს ღირსეულად წარმოაჩინეს თავიანთი წერისა და სოციოკულტურული მგრძნობელობის უნარები მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში, რომელიც საქართველოში უკვე მეთერთმეტედ ტარდება „საქართველოს ფოსტის“ და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.

წელს საკონკურსო თემა იყო — „მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე, რომელსაც, იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ.“

როგორც მათი დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ამ კონკურსში ბევრად მეტს ვხედავ, ვიდრე უბრალოდ წერით აქტივობას.

🔹 მოსწავლეებისთვის ეს იყო არა მხოლოდ ტექსტის შექმნის პრაქტიკა, არამედ ღრმა რეფლექსიის სივრცე, სადაც მათ საკუთარი თვალით შეხედეს სამყაროს, გააანალიზეს მისი გამოწვევები და ჩამოაყალიბეს ღირებულებითი გზავნილები მომავლისთვის.
🔹 ამ ფორმატმა გააღვივა კრიტიკული აზროვნება, წერის ეთიკა, სტრუქტურის დაცვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — წერილობითი კომუნიკაციის კულტურა, რომელიც ხშირად იკარგება თანამედროვე ციფრულ რეალობაში.

✅ ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ასეთი პროცესები მრავალმხრივ პროფესიულ ჩართულობას მოითხოვს:
• თემის ღირებულებრივი გააზრება და მოსწავლეებთან ერთად მისი ინტერპრეტირება;
• წერის პროცესის ფაზების ორგანიზება — იდეის ჩამოყალიბებიდან საბოლოო რედაქტირებამდე;
• ემპათიის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და ენობრივი მგრძნობელობის გაძლიერება;
• მოტივაციის შექმნა — მოსწავლემ უნდა დაიჯეროს, რომ მისი სიტყვა მნიშვნელოვანია.

🔸 ასეთი აქტივობები გვასწავლის, რომ წერილობითი კომუნიკაცია კვლავ ინარჩუნებს ძალას, როგორც იარაღი მოსწავლეთა ღირებულებითი განათლებისა და თვითგამოხატვისათვის. იგი აყალიბებს მოზარდებს, როგორც აზროვნებით თავისუფალ, მოაზროვნე მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ მომავალს პასუხისმგებლობით შეხედონ.

📝 სიტყვა მომავალთან დიალოგია.
და როცა ამ დიალოგში მოსწავლეები თამამად ერთვებიან — მასწავლებლის პროფესიული ძალისხმევა მართლაც ღირსეული შედეგით ფასდება.




თანამედროვე მასწავლებლის პასუხისმგებლობა — პროფესიული ინიციატივიდან ასოციაციამდე

Posted by rusagonashvili@gmail.com

2024 წლის 22 მარტს, სასტუმრო „ჯინჯერში“ გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია „ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა და სასკოლო საზოგადოებისათვის ახალი სერვისების შეთავაზება, დანერგვა და განვითარება“, რომელიც ერთგვარი შეჯამება იყო იმ მნიშვნელოვანი საგრანტო პროექტისა, რომლის ფარგლებში აქტიურად ვიყავი ჩართული როგორც პროექტის მენეჯერი და ექსპერტი.

👉 საგრანტო პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, მიზნად ისახავდა სკოლებსა და პროფესიულ ასოციაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მასწავლებელთა მხარდაჭერას და სასწავლო პროცესში ინოვაციური სერვისების დანერგვას.

პროექტის განვითარებამ მკაფიოდ დამანახა, რომ ცუდად არ გამომდის თანამედროვე მასწავლებლის, ის უნარები, რომლებიც ერთდროულად მოიცავს ლიდერობას, სისტემურ აზროვნებას, კოლეგიალურობასა და ცვლილებების მიმართ მოქნილობას:

🔹 ლიდერობა და სტრატეგიული ხედვა – პროექტის მართვა მოითხოვდა გეგმების კორექტირებას განათლების ცვლილებების შესაბამისად და მიზნების გადახედვას პრაქტიკული რეალობის გათვალისწინებით;
🔹 ინოვაციური მიდგომა – კონსტრუქტივისტული სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული ტრენინგები, ინტეგრირებული რესურსების შექმნა და ციფრული პლატფორმის შექმნა, რომელიც დღესაც განაგრძობს ფუნქციონირებას, ნათლად აჩვენებს ჩემს მიდგომას თანამედროვე განათლების გამოწვევებისადმი;
🔹 კოლეგიალობა და მხარდაჭერა – ასოციაციასთან თანამშრომლობითა და ტრენინგების, კონსულტაციების, პირისპირ შეხვედრების გზით დავეხმარე კოლეგებს სასკოლო კურიკულუმების განვითარებაში — არა როგორც ზედამხედველი, არამედ როგორც თანაზიარი პრაქტიკოსი;
🔹 გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პრაქტიკა – რესურსების შექმნა, დაგეგმვა, რეფლექსია და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სხვა პედაგოგებისთვის მარწმუნებს, რომ განათლების საერთო ხარისხი იზრდება სწორედ ცოდნის გაზიარებით.

📌 პროექტის შედეგი არ იყო მხოლოდ დროებითი აქტივობა — შექმნილია ონლაინ პლატფორმა, რომელიც ღიაა რესურსების განთავსებისთვის და მუდმივი პროფესიული ურთიერთობისთვის. ამ გზით, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ფართოვდება, ღრმავდება და სიცოცხლეს აგრძელებს პრაქტიკაში.

🎯 დღეს, თანამედროვე მასწავლებელი აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი. ის არის ინიციატივის ავტორი, ინოვატორი, მენტორი და პარტნიორი საკუთარ კოლეგებთან.
ამ პროექტით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: სკოლების გაძლიერება იწყება მასწავლებლის გაძლიერებით.









ინოვაციები და თანამშრომლობა განათლებაში — დედოფლისწყაროს კონფერენცია

Posted by rusagonashvili@gmail.com

2024 წლის 7 ივნისს, დედოფლისწყაროში, მენტორი მასწავლებლების ინიციატივითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა მუნიციპალური ინტერდისციპლინური კონფერენცია „სასკოლო განათლება — გამოწვევები და ინოვაციები“.

კონფერენციამ გააერთიანა მასწავლებლები და მოსწავლეები ერთ სივრცეში, სადაც ჩაღრმავებული განხილვების, კვლევისა და ინოვაციური იდეების გაზიარების საშუალება მიეცათ ერთმანეთთან. თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ინკლუზიური განათლება, პროექტებით სწავლება, კრიტიკული აზროვნება, ინტეგრირებული რესურსები, ლიტერატურა და სოციალური ჩართულობა.

მოხსენებებმა და მოსწავლე-მასწავლებელთა თანამშრომლობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, საგნობრივი ინტეგრაცია და განათლებისადმი შთაგონებული მიდგომა.

🟠 ამ პროცესში ჩართული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჩემი მიზანი იყო:
  • თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავების ხელშეწყობა
  • კოლეგების და მოსწავლეების შთაგონება
  • საგანმანათლებლო პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა
  • ინოვაციური და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლის მხარდაჭერა
  • ადგილობრივი პროფესიული ქსელების გაძლიერება
კონფერენციას თვალსაჩინო შედეგები მოჰყვა: გაძლიერდა სკოლებს შორის ურთიერთობა, დაფასდა მასწავლებელთა გამოცდილება და გამოიკვეთა მოსწავლეების შესაძლებლობები.

მადლობა ჩემს კოლეგებს  თანამშრომლობისთვის და მადლობა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.






„აბოს გზა“ — როცა ლიტერატურა პასუხისმგებლობის, რწმენისა და თავისუფლების გაკვეთილად იქცევა

Posted by rusagonashvili@gmail.com

საგანმანათლებლო პროცესში ის მომენტებია ყველაზე ძვირფასი, როცა მოსწავლე მხოლოდ კი არ სწავლობს, არამედ იწყებს ფიქრს, კითხვის დასმას, განცდას — და ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. სწორედ ასე დავასრულეთ „აბოს წამებაზე“ მუშაობა — რუსა მასწავლებლის საავტორო ინტერაქტიული თამაშით, რომელსაც სიმბოლურად „აბოს გზა“ ვუწოდეთ.


🎯 თამაში რამდენიმე სადგურისგან შედგებოდა და თითოეული მათგანი მიზნად ისახავდა განსხვავებული უნარებისა და ღირებულებების გააქტიურებას.

📍 სადგური 1: „ბაღდადის ფურცლები“
მოსწავლეები აბოს როლს ირგებდნენ  და მსჯელობდნენ მის რწმენაზე, გადაწყვეტილებებზე, ოჯახსა და კულტურასთან ურთიერთობაზე. აქ სწავლობდნენ პასუხისმგებლობის აღებას, ინდივიდუალიზმისა და ღირებულებების დაცვას შინაგანი რწმენის საფუძველზე.

📍 სადგური 2: „სასამართლოს დარბაზი“
დაიწყო დიალოგი აბოსა და მსაჯულს შორის. მოსწავლეები იკვლევდნენ სულიერ სიმტკიცეს, მორალურ არჩევანსა და არგუმენტირებულ მსჯელობას. ეს იყო კრიტიკული აზროვნებისა და ემპათიის გაწვრთნის შესანიშნავი საშუალება.

🎨 სადგური 3: „მხატვრის კუთხე“
მოსწავლეებმა სცენები ვიზუალურად გადმოსცეს, რითაც განვითარდა მათი შემოქმედებითი აღქმა და ინტერპრეტაციის უნარი.

✍️ სადგური 4: „პოეტური სული“
მცირე ლექსებით მათ საკუთარი ემოციები გააზიარეს — ეს იყო არა მხოლოდ ენობრივი, არამედ ემოციური ექსპრესიის ვარჯიში.

🪞 სადგური 5: „თანამედროვეობის სარკე“
განხილეს რელიგიურ თავისუფლება, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები. მოსწავლეებმა ტექსტი და თანამედროვე რეალობა ერთმანეთს დაუკავშირეს — ამან განამტკიცა მათი სოციალური ცნობიერება და აამაღლა პასუხისმგებლობა მოქალაქეობრივ საკითხებზე.

🌱 რა ისწავლეს ამ პროცესში ჩემმა მოსწავლეებმა?
– როგორ გადააქციონ ლიტერატურული ტექსტი ცხოვრებისეულ დიალოგად
– როგორ ჩამოაყალიბონ და დააფიქსირონ საკუთარი აზრი პასუხისმგებლობით
– როგორ მოისმინონ განსხვავებული ხედვები და იმსჯელონ ღირებულებების გარშემო
– როგორ იფიქრონ, იგრძნონ, გამოხატონ და ითანამშრომლონ
– როგორ გაიაზრონ წარსული თანამედროვე პრობლემების ჭრილში

👩‍🏫 ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ასეთი აქტივობები მიანიშნებს იმ პროფესიულ ძალაზე, რაც ყველაზე მეტად მამოძრავებს:
– ლიტერატურის გადაქცევა ცოცხალ გამოცდილებად
– მოსწავლეებისთვის თვითგამოხატვის სივრცის შექმნა
– პასუხისმგებლობის თანაბარ განაწილებაზე ზრუნვა
– განსხვავებული უნარებისა და ინტელექტების წახალისება
– და რაც მთავარია — ღირებულებების სწავლება არა მორალით, არამედ გამოცდილებით

წიგნები და ტექსტები ცოცხლდებიან მაშინ, როცა მათში ადამიანს აღმოაჩენ — ჩემი მოსწავლეები კი ამას ყოველდღე სწავლობენ. მიყვარს მათი ფიქრის სიღრმე, აზრის გამბედაობა და ერთმანეთის მხარდაჭერა.
და როცა მათ „თამაში“ გამოსდით ასე შინაარსიანად — მაშინ ვიცი, რომ სწორი გზაზე ვდგავარ 💙