დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

„ჩვენ ერთად ვსწავლობთ ცხოვრებას“ — წერილი, რომელიც ყველაფერს ამბობს

Posted by rusagonashvili@gmail.com

ბევრია დაწერილი მასწავლებელზე — მის როლზე, პასუხისმგებლობაზე, მისი შრომის სირთულესა და მნიშვნელობაზე. მაგრამ არის მომენტები, როდესაც ყველა პროფესიული შეფასება ფერმკრთალდება და მხოლოდ ერთი ხმა რჩება, მოსწავლის ხმა, გულიდან ამოსული, ნათელი და დაუვიწყარი. ასეთია ეს წერილიც — მოსწავლის გულწრფელი განცდა, რომელმაც დამანახა, რომ მასწავლებლობა არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ რაღაც უფრო ღრმაა,

და თუ დავიმსახურე, რომ მოსწავლემ ასეთი სიტყვები თქვას ჩემზე — ესე იგი, შევძელი ყველაზე მთავარი: სწორ გზაზე დავაყენე მოსწავლე!

 
"მასწავლებლობაზე საპასუხისმგებლო საქმე არ არსებობს, რადგან მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თავდაჯერებული, მომზადებული შეხვდები რეალურ ცხოვრებას და მონახავ შენს ადგილს. ვფიქრობ, არცერთი საგნის მასწავლებლის საქმიანობის დაკნინებად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მაინც ქართულის მასწავლებელს აკისრია, რადგან ფაქტობრივი ცოდნის მოცემასთან ერთად ზრუნავს ჩვენი ემოციური ინტელექტის განვითარებაზე. მე და ჩემი რუსა მასწავლებელი ერთად ვიზრდებით, ერთად ვსწავლობთ, ერთად გვტკვა, გვიხარია, ვოცნებობთ, ვფანტაზიორობთ, ვადგენთ მომავლის გეგმებს და ყველაფერზე ერთად ვსაუბრობთ. ის არასდროს მავალებს გამოჩენილ კრიტიკოსთა აზრების გამოყენებას, მაგრამ მთხოვს ფიქრს, კვლევას, პერსონაჟთა ქცევის მიზეზების პოვნასა და ისე შეფასებას, როგორც ვიაზრებ და მესმის. ამგვარად ცდილობს ჩემში ემოციების გაღვიძებასა და მორალური ღირებულებების ჩამოყალიბებას, ამგვარად მაყვარებს კითხვას, მწერლებს, ლიტერატურას, ფიქრს, აზროვნებას, სულგრძელობასა და სამშობლოს სიყვარულს. მისგან მოცემული ბიძგით ჩემი შინაგანი სამყარო ნელ-ნელა ფართოვდება განსაკუთრებით ისეთ კლასგარეშე თემებზე საუბრით, რაც პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც წიგნში არ, თუ ვერ შევიდა და რაც მე და ჩემს თანატოლებს უფრო გვაინტერესებს.
ჩემთვის რუსა მასწავლებელი თავისუფლების განსახიერებაა, არც თავად ერიდება საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას და არც ჩვენ გვაკრიტიკებს არასწორი აზრისა თუ განსხვავებული მოსაზრების გამო.
ამ ყველაფერთან ერთად, ულამაზესია ჩვენი რუსა მასწავლებელი. სიარულის მანერა აქვს ისეთი, თითქოს კი არ დადის, წყალზე დასრიალებს. ყველაზე ლამაზი საცქერი მაშინაა, როცა ჩაფიქრებულია. ამ დროს გგონია, რომ მთელ ბერძენ ფილოსოფოსებს მასში მოუყრიათ თავი..
უჭკვიანეს, ულამაზესა და მეამბოხე რუსა მასწავლებელს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან , ძალიან მიყვარს
გპირდებით, ყოველთვის მემახსოვრება თქვენეული ცხოვრების კრედო:
„მხოლოდ ის არის სწავლის მიზანი,
რომ დაიზარდოთ სწორედ ისეთნი,
როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!"


როცა მოსწავლეს ასე უწერიხარ კონტაქტებში გამოდის, ტყუილად არ გიცხოვრია და შეცდომით არ აგირჩევია პროფესია ბედნიერი მე!




0 коммент.:

Отправить комментарий