2024 წლის 9 მაისს სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ერთი განსხვავებული, ინტერაქციული და ღირებულებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისა და ჩემი ჩართულობით. გაკვეთილი ჩატარდა FinEdu – ფინედუ-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის "ასწავლე ფინანსები ლიტერატურით" ფარგლებში და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ფინანსური აზროვნების ხელშეწყობას ხელმისაწვდომი, საინტერესო და სახალისო ფორმით.
📌 სანამ ლიტერატურულ ტექსტთან მივიდოდით, მოსწავლეებისათვის ჩავატარე პროფესიული ტრენინგი.
ჩემი ინიციატივით, სკოლაში მივიწვიე ფინედუს სერტიფიცირებული ტრენერი მაია ლაპიაშვილი და პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მარიამ ტოკლიკიშვილი და ანანო გიგაური. მათ მოსწავლეებს გაუზიარეს ცოდნა ბიუჯეტის შედგენის, დაზოგვის სტრატეგიების, ფინანსური რისკების თავიდან არიდებისა და საბანკო სერვისების შესახებ. ტრენინგმა მოსწავლეებს დაანახა, თუ როგორ ეხმარება ფინანსური განათლება ადამიანს გონივრული, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
📖 შემდეგ ეტაპზე გადავინაცვლეთ ლიტერატურაში.
ჩემ მიერ შერჩეულმა იგავ-არაკმა „უბედური დიდვაჭარი“ შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს, ლიტერატურულ ტექსტში ამოეცნოთ ფინანსური საკითხები: ფულის მართვა, სურვილებისა და საჭიროებების გარჩევა, დაზოგვა, თაღლითობა და მომხმარებლის უფლებები. ეს არ ყოფილა სტანდარტული გაკვეთილი — ეს იყო ვიქტორინა, რომელიც თამაშის ელემენტებით მოიცავდა ტექსტის გააზრებას, კრიტიკულ ანალიზსა და ფინანსური ცნებების გამოყენებას რეალურ სიტუაციებში.
🏆 ვიქტორინაში მონაწილეობდა სამი გუნდი და თითოეული სწორი პასუხი ფასდებოდა ვირტუალური ლარებით.
შეფასების სისტემა არა მხოლოდ სასიამოვნო მოტივაციას ქმნიდა, არამედ რეალურ ცხოვრებასთან აკავშირებდა მიღებულ ცოდნას. მოსწავლეებმა „დროში იმოგზაურეს“, წარსული თანამედროვე რეალობას დაუკავშირეს და ანალიზის საფუძველზე მნიშვნელოვანი დასკვნებიც გამოიტანეს: ცოდნა ფულია, ხოლო მისი მართვა — ხელოვნებაა, რომელსაც სწავლა და პრაქტიკა სჭირდება.
🌱 ასეთ პროექტს მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს:
- მოსწავლეებში აყალიბებს ფინანსურ ცნობიერებასა და პასუხისმგებლობას
- აერთიანებს საგნობრივ ინტეგრაციას — ლიტერატურა და ფინანსები ერთ გაკვეთილში
- ასწავლის კრიტიკულ, ანალიტიკურ და შემოქმედებით აზროვნებას
👩🏫 როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილი არ შეჩერდეს მხოლოდ ტექსტის დონეზე. მას უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში გადატანის ძალა. სწორედ ამიტომ ვცდილობ, დავინახო, როგორ შეიძლება ლიტერატურა გახდეს მრავალმხრივი უნარების განვითარების საფუძველი: ტექსტზე დაფუძნებული აქტივობები გვაძლევს შანსს, ვისაუბროთ პირად ფინანსებზე, ფასეულობებზე, პასუხისმგებლობაზე — და ეს ყველაფერი გავაკეთოთ მოსწავლისთვის ახლობელი, მათ საჭიროებებზე მორგებული ფორმატით.
💬 ბოლოს მოსწავლეებმა თავად გააკეთეს დასკვნა:
„ფული რომ სწორად და პატიოსნად გამოიმუშაო, უნდა იცოდე, როგორ დაგეგმო, დაზოგო და უსაფრთხოდ შეინახო. ამას კი ბევრი უნარი და ცოდნა სჭირდება.“
💙 მადლობა FinEdu-ს ამ შესაძლებლობისთვის.
💙 მადლობა ტრენერ მაია ლაპიაშვილს მხარდაჭერისა და პრაქტიკული გამოცდილებისთვის.
💙 მადლობა ჩემს მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და პასუხისმგებლობით შესრულებული ყველა ნაბიჯისთვის.
0 коммент.:
Отправить комментарий