პრეზენტაციის დღე ჩემთვისაც და ჩემი მოსწავლეებისათვისაც მნიშვნელოვანი დღე იყო — ამ დღეს მათ ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს მრავალთვიანი პროექტის შედეგები.
ყველაფერი დაიწყო ერთობლივი, აქტიური კითხვით — მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის ანალიზით. ამის შემდეგ გაუჩნდათ მოსწავლეებს შეკითხვები, ინტერესი და სურვილი, მეტი შეეტყოთ ემიგრაციის შესახებ. მათ აინტერესებდათ: რატომ ტოვებენ ადამიანები საკუთარ ქვეყანას? რას ეძებენ უცხო მიწაზე და რას ტოვებენ უკან? ასე დაიგეგმა პროექტი, რომელმაც არა მხოლოდ ცოდნა გააღრმავა, არამედ მოსწავლეები რეალურ კვლევით პროცესში ჩართო.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს ონლაინ გამოკითხვები ემიგრანტებთან, შეაგროვეს და გააანალიზეს ინფორმაცია ემიგრაციის გამომწვევი მიზეზებისა და მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესახებ. ისინი მუშაობდნენ გუნდურად, შექმნეს ჩანახატები, ბლოგი, ელექტრონული წიგნი და დაბეჭდეს ჟურნალი — ყოველივე ეს საკუთარი ძალებით, ინტერესითა და დიდი მოტივაციით.
რას ისწავლეს ამ პროცესით მოსწავლეებმა?
სავარაუდოდ, გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ ემიგრაციის თეორიულად გააზრებაა. მათ:
- გაითავისეს ინტერვიუს აღების უნარი — რეალურ ადამიანებთან, რეალური ისტორიების მოსმენისა და გააზრების გზით;
- ისწავლეს ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გადმოცემა ციფრული საშუალებების მეშვეობით;
- განივითარეს კრიტიკული აზროვნება და ემპათია — ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც მათი ცხოვრების ყველა ეტაპზე იქნება საჭირო;
- გამოხატეს საკუთარი აზრი, შეხედულებები და ემოციები სიტყვით თუ ტექსტით — ნდობისა და მხარდაჭერის გარემოში.
შედეგები თვალშისაცემი იყო — ცრემლები, გულწრფელი საუბრები, გაბედული კითხვები და პასუხები.
ეს პროექტი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ლიტერატურულ ნაწარმოებს გახდეს ინსპირაცია დიდ საკითხებზე საუბრისთვის, სწავლების ახალი ფორმებისა და ღირებულებების ასათვისებლად.
0 коммент.:
Отправить комментарий